რეზნიკოვის მოადგილე: კონტრიერიშს დაწყების შემდეგ რუსები პანიკაში ჩავარდებიან
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვლადიმირ გავრილოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, რუსები პანიკაში ჩავარდებიან.
ამის შესახებ გავრილოვმა ბრიტანული Independent-ისთვის მიცეულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ დავიწყებთ კონტრიერიშს სად და როდის ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს - რუსები პანიკაში ჩავარდებიან, თქვენ დაინახავთ დიდ პანიკას. მათ დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ მათი პროპაგანდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას დამახინჯებულად გადასცემს. ომის მოგებას ბრძოლის ველზე შევძლებთ და არა ტელევიზორების ეკრანებზე",- განაცხადა გავრილოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბახმუტში დარჩენის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა - გავრილოვის თქმით, ბახმუტში ბრძოლის გადაწყვეტილება საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორი იყო, რამაც უკრაინის კონტრიერიშისთვის მომზადების საშუალება მისცა.
"ბახმუტმა აჩვენა ყველას, რომ რუსეთისთვის ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მეტიც, ომის მიწურულს რუსეთს ნამდვილი სამხედრო კატასტროფა ელის, რასაც მალე ვიხილავთ",- თქვა გავრილოვმა.
გავრილოვის თქმით, ვითარება შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.