ეროვნული ასამბლეა: EU-თან საქართველოს მოლაპარაკებები არ უნდა გაეხსნას
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა, ბენჟამინ ადადიმ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
"დღეს მე წარვადგენ რეზოლუციას ევროპულ საკითხთა კომიტეტში, რომელიც საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს უცხოური ჩარევის შესახებ კანონი. ევროპის გული თბილისში ცემს. მხარი დავუჭიროთ ქართველებს.
ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების არალიბერალური ქმედებების, ოპონენტებისა და ჟურნალისტების დევნისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენის მიუხედავად." - დაწერა ადადიმ X-ზე.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, შთაგონებულია რუსეთის ფედერალური კანონით და შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, არღვევს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას გაცემულ რამდენიმე რეკომენდაციას.
ამასთანავე, რეზოლუციით საფრანგეთის პარლამენტი გმობს პოლიციის რეპრესიებს დემონსტრაციებზე, დაკავებებს, ასევე დაშინებისა და შევიწროების მცდელობებს ოპონენტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს პროტესტი.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რადგან ამ კანონის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ ფუნქციონირებას, დამოუკიდებელი მედიის არსებობას და შეუთავსებელი იქნება იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომელიც ევროკვშირს გააჩნია.
საფრანგეთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებიც თან ახლდა ვენეციის კომისიის დასკვნას კანონის შესახებ.
ამასთანავე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, თუ ეს კანონი ამოქმედდა.
რეზოლუცია გმობს ჟურნალისტებისა და ოპონენტების დევნას.