Rheinmetall: მზად ვართ უკრაინას Marder-ები დაუყოვნებლივ მივაწოდოთ
გერმანული კონცერნი Rheinmetall ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ების მოდერნეზებას ასრულებს, რომლებიც ადრე ბუნდესვერში მსახურობდნენ. კომპანია უკვე მზადაა პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინას მიაწოდოს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად 100 ჯავშანტრანსპორტიორის შეკეთება მიმდინარეობს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მებრძოლების უსაფრთხოებაზე, რასაც ჯავშანტრანსპორტიორი უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში.
რამდენიმე ქვეითი საბრძოლო მანქანა მზად არის გამოსაყენებლად, მათი გაგზავნა უკრაინაში ახლავეა შესაძლებელი. თუმცა, პაპერგერის თქმით, როდის და სად გადაიყვანენ Marder-ს, გერმანიის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.
გამოცემამ ხუთი მოდერნიზებული მარდერის ფოტო გამოაქვეყნა, თითოეული ჯავშანმანქანის ღირებულება 850 ათასი ევროდან 1 მილიონ ევრომდეა.
ასევე Rheinmetall-ის საწყობში მოდერნიზაციისთვის არის 88 ტანკი Leopard-1 და რამდენიმე Leopard-2.