რაინმეტალი უკრაბარონპრომთან ერთად საწარმოს ქმნის

გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა რაინმეტალმა უკრაბარონპრომთან ერთად საწარმო დააფუძნა, რომელშიც უკრაინულ ტანკებს შეაკეთებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt 12 მაისს წერს.

"კონტრაქტები გაფორმებულია", - განაცხადა რაინმეტალის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა.

თანამშრომლობა მოიცავს უკრაინული ჯავშანტექნიკის მოვლა-შეკეთებას, პარალელურად იგეგმება ახალი ტანკების წარმოება.

პაპერგერის თქმით, უკრაინა ისარგებლებს ტექნოლოგიების ყოვლისმომცველი ტრანსფერით და გერმანიიდან სამხედრო ტექნიკას მოკლე ვადაში მიიღებს.

რაინმეტალი ახალ კომპანიაში აქციების 51%-ს ფლობს და კომპანიის მენეჯმენტსაც ჩაიბარებს.

კონტექსტი

რაინმეტალი ერთ-ერთი უდიდესი დასავლური სამხედრო კომპანიაა, რომელიც უკვე ამარაგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვებითა და იარაღით.

რაინმეტალი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს სატანკო და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კონცერნი ასევე იწყებს გერმანული საზენიტო სისტემის, გეპარდის საბრძოლო მასალის წარმოებას.

თებერვალში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რაინმეტალი მზად არის გააძლიეროს თანამშრომლობა უკრაინასთან.

10 მაისს პაპერგერმა თქვა, რომ რაინმეტალი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების, საზენიტო სისტემებისა და საბრძოლო მასალის წარმოებას. მან განმარტა, რომ იგეგმება ერთობლივი საწარმოების შექმნა, რაც "უკრაინას მისცემს შესაძლებლობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას თავი."

მსგავსი სიახლეები