რილსკის მოსახლეობას ევაკუაციას ურჩევენ, კურსკის ოპერაცია, დღე 17 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეჩვიდმეტე დღე მიმდინარეობს. ღია წყაროების მიხედვით, უკრაინული არმია აგრძელებს წინსვლას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და პარალელურად საზღვრისპირა ზოლში ფრონტის გაფართოების მიზნით გადამწყვეტი სახმელეთო დარტყმისთვის ემზადება. 

გასული 24 საათში უკრაინული არმია აქტიური იყო ფრონტის სხვა მიმართულებებითაც. კერძოდ დრონების მასირებული იერიში განხორციელდა ვოლგოგრადის სამხედრო აეროდრომზე. აეროდრომის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს მეტალის ანგარები - 12 სადგომიდან 2 უმნიშვნელოდაა დაზიანებული, 6 მნიშვნელოვნად დაზიანებულია, ხოლო ბოლო 4 პრაქტიკულად განადგურებულია.

უშუალოდ თვითმფრინავები კადრში არ ჩანს, თუმცა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, აეროდრომზე Su-24-ის ტიპის 14 და Su-34-ის ტიპის 15 თვითმფრინავი იდგა. თანამედროვე თვითმფრინავების მოწყვლადობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების გარკვეული ნაწილი როგორც მინიმუმ დროებით მაინც ვერ მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო მისიებში. პოტენციურ დანაკარგებზე მიუთითებს რუსი Z-ბლოგერისა და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თადარიგის კაპიტანი, ილია ტუმანოვის ირონიული პოსტი

გარდა ამისა, ფოტოებზე ჩანს ხანძრის კვალიც, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინსკა პრავდა იუწყება, რომ შეტევის შედეგად განადგურებულია საავიაციო ბომბებისა და საავიაციო საწვავის საცავი. 

გარდა ამისა, კრასნოდარის ოლქში მდებარე პორტ კავკაზში განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურებულია რუსული სანავთობო ბორანი, სახელწოდებით კონრო ტრეიდერი. ხანძრის შედეგად გემი, რომელიც ქერჩის გადასავლელს ემსახურებოდა რამდენიმე საათში დაიძირა. 

საყურადღებოა, რომ ეს კრასნოდარის პორტში მოქმედი ერთ-ერთი ბორანი იყო, რომელიც საწვავის სარკინიგზო გადაზიდვებზე მუშაობდა. გემს ყირიმის მიმართულებით 30 ცისტერნა საწვავი გადაჰქონდა. რუსული წყაროების ცნობით, შეტევა უკრაინული წარმოების საზღვაო რაკეტა ნეპტუნით განხორციელდა. 

გიყვებით უკრაინული იერიშის მეჩვიდმეტე დღის მთავარ ამბებს.

უკრაინის მხრიდან საინფორმაციო უსაფრხოებისა და ცნობების დაყოვნების ფონზე გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქში ფრონტის ხაზის მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა. 

გლუშკოვოს რაიონი

სულ უფრო რთულდება რუსული გარნიზონის მდგომარეობას საზღვრისპირა გლუშკოვოს რაიონში, კერძოდ კი მდინარე სეიმის სამხრეთით. ЗСУ-ს მიერ სეიმზე გადებული 3 სტაციონალური ხიდის განადგურების შედეგად სეიმის მარცხენა ნაპირზე მოქმედი რუსული დანაყოფები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, ხოლო პონტონური გადასვლელების ორგანიზება წარუმატებლად სრულდება. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმია ჯერჯერობით არ ჩქარობს მასირებული სახმელეთო იერიშის წამოწყებას და ძირითად აქცენტს კვლავ საავიაციო დარტყმებზე აკეთებს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშუკი ავრცელებს გლუშკოვოს რაიონში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე განხორციელებული საავაციო დარტყმის კადრებს. 

"განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი, რადიო-ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფი, ტექნიკა, შეიარაღება და 40 რუსი სამხედრო მოსამსახურე"- ნათქვამია ოლეშუკის შეტყობინაში. საყურადღებოა, რომ უკრაინელი მეთაურის ცნობით, დარტყმა ამერიკული წარმოების GBU-39-ის ტიპის პლანირებადი ბომბით განხორციელდა, რომლის წონაც 100 კილოგრამს შეადგენს, ხოლო მოქმედების რადიუსი 110 კილომეტრს. 

რუკის მიხედვით უკრაინულ არმიას გლუშკოვოს რაიონში სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეუძლია როგორც სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთიდან, ასევე რაიონის აღმოსავლეთიდანაც, რომელსაც უკრაინული დანაყოფები მყარად აკონტროლებენ. ასეთ შემთხვევაში რუსული ჯარების მომარაგება მკვეთრად გართულდება, თუ საერთოდ შეუძლებელი არ გახდება. 

"ვითარება რთულია, მაგრამ მოწინააღმდეგასაც უკვე ეტყობა დაღლა, მაგრამ აქ მათ შეუძლიათ რაღაც რეზერვები სუჯადან გადმოისროლონ - ამ მონაკვეთზე ЗСУ-ს ოპერატიული რეზერვი აქვს"- წერს Z-ბლოგერი, იური პოდოლიაკა. 

კორონევოს რაიონი 

თუ კი გლუშკოვოს რაიონში უკრაინული არმიის მთავარი მიზანი ფრონტის გაფართოება და ფლანგების დაცვაა, ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელები უკვე ორგანიზებული შვერილის გაღრმავებას და სტრატეგიულ ლოჯისტიკურ კომუნიკაციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

რუსი Z-ბლოგერები რაიონულ ცენტრ კორონევოს ფლანგების მიმართულებით უკრაინელთა აქტიური შეტევების შესახებ იუწყებიან. ამავე ცნობების მიხედვით, უკრაინელები უკვე სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებენ რამდენიმე მეზობელ დასახლებას კომაროვკას (აღმოსავლეთით) და ოლგოვკას (ჩრდილოეთით). 

"აქ ვითარება სამწუხაროდ უარესდება, ოლგოვკასა და კრემიანოეში გამართული ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ გვერდი აუარა ამ სოფლებს. სამწუხაროდ აქ მოწინააღმედეგეს აქვს რეზერვი, რომელიც აამოქმედა და ეს მკვეთრად აუარესებს კორონევოში ჩვენი გარნიზონის მდგომარეობას"- წერს იური პოდოლიაკა. 

სავარაუდოა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიის აჩქარებული წინსვლის შესახებ მეტყველებს კიდევ ერთი Z-ბლოგერისა და შეთავსებით კურსკის გუბერნატორის შტატგარეშე მრჩეველის, რომან ალიოხონის მოწოდებები ევაკუაციის შესახებ. 

"ძვირფასო თანამემამულეებო, არ დააყოვნოთ ბოლო მომენტამდე, როგორც კორონევოს, გლუშკოვოსა და სუჯას შემთხვევაში იყო. ვფიქრობ დღეს უმჯობესი იქნება თუ კი ევაკუირებული იქნება რილსკიც, სანამ ამის შესაძლებელობა არსებობს და სანამ ევაკუაცია უსაფრთხოდ შეიძლება"- წერს

ალიოხონი. საყურადღებოა, რომ უკრაინული დანაყოფების მოწინავე პოზიციებსა და რისლკს შორის 26 კილომეტრია. 

ლგოვის რაიონი

რუსი ბლოგერების ცნობით, ნეგატიური განვითარებაა კიდევ ერთი რაიონული ცენტრის, ლგოვის მიმართულებითაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური კრებსის მიხედვით, აქ ძირითადი ბრძოლები სოფლებ მალაია ლოკნის, რუსკოე პორეჩნოესა და ჩერკასკოეს მიდამოებში მიმდინაროებს.

"ვითარება აქაც რთულია და აქვს მიდრეკილება გაუარესებისკენ. რიცხვობრივი უპირატესობა და არასტაბილური ფრონტის ხაზი მოწინააღმედეგეს აძლევს შეტევის საშუალებას, რაც ჩვენს გარნიზონს მალაია ლოკნაში რეალურად უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს, მით უფრო, რომ სოფელი პრაქტიკულად 3 მხრიდან ალყაშია"- წერს იური პოდოლიაკა. 

მისი თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შორს არის ოპტიმალურისგან და უკრაინელების მიერ თავმოყრილი რეზერვები იმაზე მიანიშნებს, რომ მომდევნო დღეები რთული იქნება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ კონტროლის რაიონულ ცენტრ სუჯის აღმოსავლეთით მდებარე 4 სოფელზე: რუსკოე კონოპლიონკა, ბორკი, ულანოკი და სპალნოე. 

პარალელურად ქალაქ კურსკისა და კურჩატოვის გასწვრივ გრძელდება საფორტიფიკაციო ნაგებებობის, ანტი-სატანკო თხრილებისა და ბარიერების ორგანიზება. ამაზე მეტყველებს OSINT ანალიტიკოსის, ბრედი ეფრიკის მონაცემები. 

რადიო თავისუფლების მონაცემებით, რუსეთმა კურსკში დამატებითი რეზერვების გადასროლა ამჯერად ყირიმიდან დაიწყო. საუბარია 56-ე აერო-მობილური ბრიგადის ნაწილებზე, რომელთა სამხედრო ტექნიკაც ქალაქ ვორონეჟისკენ მიემართება, ხოლო საბოლოო დანიშნულების წერტილი მაღალი ალბათობით, კურსკის ოლქია. გარდა ამისა, ვორონეჟიდან კურსკისკენ მიმავალ მაგისტრალზე შენიშნეს C-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. 

პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილსკენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს - მიზეზად კი რუსეთის მხრიდან მომდევნო დღეებში რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმის საფრხეს ასახელებს. 

კურსკს მიღმა 

უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ წინ წაიწია ნოვოგროდივკის, ზავიტნოეს, პტიჩნოესა და ტორეცკის მიმართულებით. უკრაინული წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქალაქ ტორეცკის შტურმი უკვე მომდევნო დღეებში დაიწყება. პარალელურად გრძელდება სავალდებულო ევაკუაცია ქალაქ პოკროვსკიდან, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის დარტყმის ძირითადი მიმართულებაა. 

ხარკივის მიმართულებით ჩატარებული შეტევის შესახებ იუწყება უკრაინის 3-ე მოიერიშე ბრიგადა. ბრიგადის მეთაურის, ანდრეი ბილეცკის ცნობით, ოპერაცია გასული 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე წარმატებით დასრულდა. 

3-ე მოიერიშე ბრიგადის ცნობით, შეტევის მთავარი მიზანი რუსეთის 20-ე არმიის შემტევი პოტენციალის დეგრადაცია, მაკიივსკის მიმართულებით რუსეთის არმიის შეტევის შესუსტება და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ვითარების განმუხტვა იყო. 

ანდრეი ბილეცკის ცნობით, 4 დღის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს 2 კილომეტრით და რუსეთის ბატალიონის საყრდენი რაიონი დაიკავეს. იერიშის ფარგლებში ლიკვიდირებულია 300 რუსი ჯარისკაცი. 

 

 

მსგავსი სიახლეები