RT France საფრანგეთის სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა
საფრანგეთის კომერციულმა სასამართლომ პროპაგანდისტული RT France გაკოტრებულად ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ Politico წერს.
"ნანტის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება RT France-ის ლიკვიდაციის შესახებ - მედია, რომელიც არ ახარებდა ემანუელ მაკრონს მისი დაარსების დღიდან და რომელიც ევროკავშირმა ერთი წლის წინ პრევენციულად დაასანქცირა, უკრაინაში კონფლიქტის გამო." - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა ქსენია ფედოროვამ.
2022 წლის მარტში, ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას, როგორიცაა Sputnik და RT, ევროპაში მაუწყებლობა აუკრძალა.
თუმცა სანქციებმა ამ მედიასაშუალებებს ინფორმაციის გაცრცელებაში ხელი არ შეუშალა. გასულ წელს რუსული არხი აგრძელებდა მასალების წარმოებას, გამოქვეყნებასა და მაუწყებლობას, რომელიც სულ უფრო მეტად იყო ტარგეტირებული აფრიკის ქვეყნების ფრანკოფონურ აუდიტორიაზე.
2023 წლის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ RT France-ის საბანკო ანგარიშები დაბლოკა. ამის შემდეგ კომპანია გაკოტრების წინაშე დგას.
ფედოროვამ აღნიშნა, რომ RT France-ის თანამშრომლებს უახლოეს დღეებში დაითხოვენ.