რუმინეთი მეტყევეებს თანხას გადაუხდის, რომ მათ ხეები არ მოჭრან

ევროკომისიამ ხუთშაბათს 200 მილიონი ევროს სახელმწიფო დახმარების სქემა დაამტკიცა, რომელიც რუმინეთს საშუალებას აძლევს მეტყევეებს თანხა გადაუხადოს, რომ მათ ხეები არ მოჭრან.  

ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

სქემის მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება, მეტყევეები კომპენსაციას მიიღებენ, როდესაც მათ ეკოლოგიური მიზეზების გამო ხეები არ მოჭრან.

"სქემის მიზანია შეაჩეროს ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, გააუმჯობესოს ეკოსისტემა და შეინარჩუნოს ჰაბიტატები და ლანდშაფტები," - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში და აღნიშნულია, რომ "სქემა აუცილებელი და მიზანშეწონილი იყო სატყეო სექტორის განვითარებისთვის."

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რუმინეთი ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა აღეკვეთა. ქვეყანა ამ პრობლემას წლების განმავლობაში ებრძოდა.

2020 წელს ევროკომისიამ სამართალდარღვევის პროცედურა წამოიწყო ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მან ვერ შეძლო კანონით დაცული Natura 2000 ტყეების დაცვა და ხეების უკანონო ჭრის შეჩერება.

რუმინეთის სხვადასხვა მთავრობებმა მიიღეს ზომები ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ, მათ შორის სავალდებულო მეთვალყურების სისტემა, რათა ხის ჭრასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული დაემარცხებინათ.

თუმცა, გარემოსდაცვითი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ეს ზომები არ იყო საკმარისად ეფექტური და აცხადებენ, რომ უკანონო ჭრა კვლავ გრძელდება ძველ, დაცულ ტყეებში.

მსგავსი სიახლეები