რუსების მიერ მოკლულ ტყვეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს, სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროს ალექსანდრ მაციევსკის, რომელიც რუსეთმა დაატყვევა და დახვრიტა.

6 მარტს სოციალურ ქსელში მისი სიკვდილით დასჯის რეზონანსული ვიდეო გამოჩნდა. ჩანაწერზე სამხედრო პირი ამბობს "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც ავტომატის სროლის ხმა ისმის.

"დღეს მე უკრაინის გმირის წოდება მივანიჭე ალექსანდრ მაციევსკის. ჯარისკაცს, ადამიანს, რომელსაც ყველა უკრაინელი იცნობს. ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ მისი გამბედაობისთვის, უკრაინისადმი მისი რწმენისთვის და მისი "დიდება უკრაინასთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ტყვეობაში დახვრეტილი უკრაინელი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტელეგრამის არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტო და ვიდეო მასალების დამუშავების, ნათესავებთან ურთიერთობისა და სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოახერხა დახვრეტილი სამხედროს იდენტიფიცირება. ალექსანდრ მაციევსკი ჩერნიგოვის რეგიონის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი იყო.

"ეს არის ნამდვილი გმირი, რომელმაც სიკვდილის სახესაც კი შეხედა, მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის უკრაინული ხასიათი და ურღვევობა", - აღნიშნა СБУ-ს ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა მებრძოლის გარდაცვალების კომენტირებისას. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არაადამიანებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ."

ალექსანდრ მაციესკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2022 წლის მარტში გაიწვიეს. დეკემბრის ბოლოდან იგი დაკარგულად ითვლებოდა. უკრაინის სპეცსამსახურმა დაადგინა, რომ მაციევსკი 2022 წლის 30 დეკემბერს დახვრიტეს. მისი ცხედარი სახლში 2023 წლის თებერვალში დააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები