რუსების თითქმის მესამედი მხარს უჭერს პრიგოჟინის ქმედებებს - კვლევა
რუსეთში ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებების მოწონების რეიტინგი ამბოხების შემდეგ დაახლოებით განახევრდა, მაგრამ რუსების თითქმის მესამედი კვლავ მხარს უჭერს მას.
საზოგადოებრვიი აზრის კვლევა რუსულმა Левада-центр-მა 22-28 ივნისს ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, 22-23 ივნისს გამოკითხულთა 58% დადებითად უყურებდა პრიგოჟინის ამბოხს. მისი დასრულების შემდეგ კი გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება ვაგნერის ლიდერის ქმედებებს.
პრიგოჟინის მახასიათებლებს შორის, გამოკითხულთა 27%-ს მისი პირდაპირობა, გახსნილობა და პატიოსნება მოწონს; 23%-მა აღნიშნა მისი ლიდერული თვისებები ("კარგი ლიდერი," "შეუძლია ხალხის გაერთიანება," "ძლიერი არმიის შექმნა"); 18% ხაზს უსვამს მის ენერგიას. უფრო ნაკლებად ხშირად მას "პატრიოტს", "კარგ სამხედროს" უწოდებდნენ და ბახმუტის აღებასაც მიაწერდნენ.
რესპონდენტებმა, რომლებსაც არ მოსწონთ ევგენი პრიგოჟინის საქმიანობა (გამოკითხვის ბოლოს, ეს აზრი ჭარბობდა), თქვეს, რომ მან მოაწყო "აჯანყება, წავიდა ხელისუფლების / პუტინის / რუსეთის / ხალხის წინააღმდეგ" (34%) და ასევე აღნიშნეს, რომ მას აქვს "გადაჭარბებული ამბიციები", "ის ცდილობს პრეზიდენტის პოსტზე მოხვედრას" და ის არის "აგრესიული, ამპარტავანი, ბევრს ლაპარაკობს" (თითოეული 8%), 7%-მა მას "ბანდიტი" უწოდა.
ამბოხების მცდელობამდე გამოკითხულთა 19% მზად იყო მხარი დაეჭირა ევგენი პრიგოჟინისთვის, თუ ის მონაწილეობას მიიღებდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 24 ივნისის შემდეგ ასეთი რესპონდენტების რაოდენობა 10%-მდე შემცირდა.
ასევე, ამბოხის შემდეგ, შემცირდა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ქმედებების მოწონების დონე, რომელიც პრიგოჟინმა ვაგნერის ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი კვირით ადრე მინისტრის საქმიანობა გამოკითხულთა 60%-ს მოსწონდა, აჯანყების შემდეგ კი 48%-ს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქმიანობა დაახლოებით 75%-ს მოსწონს, რამზან კადიროვის კი - 70%-ს.
რუსეთის მხარეს დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენება და ომში მსჯავრდებულთა მონაწილეობა მისაღებია გამოკითხულთა 57%-ისთვის, დაახლოებით 30%-ს კი საპირისპირო აზრი აქვს.