რუსებმა დნიპროში პოლიკლინიკა დაბომბეს: დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა - 15-ზე მეტი
26 მაისს რუსეთმა ქალაქ დნიპროს პოლიკლინიკაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 კი - დაშავდა, დაჭრილთა რიცხვი იზრდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე განაცხადა.
"რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სტატუსს, როგორც იმ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლების, რაც ჰუმანური და პატიოსანია.
სარაკეტო თავდასხმა პოლიკლინიკაზე ქალაქ დნიპროში. ამ დროისთვის დაღუპულია ერთი და დაშავებულია 15 ადამიანი. დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია და დაშავებულთა გადარჩენა ადგილზე გრძელდება." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ხალხის გადარჩენაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. მან გაავრცელა დანგრეული შენობის ვიდეო, რომელზეც კვამლი ამოდის.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით დაიღუპა 1 და დაიჭრა 15 ადამიანი.