რუსებმა დონეცკის ოლქში ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს
22 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ლიმანში, "ურაგანის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით რეგიონალური ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ Telegram-ში დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
"ჭურვების პირდაპირმა დაცემამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია როგორც საავადმყოფოში, ასევე მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში", - წერს კირილენკო.
მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს და ასაფეთქებელი ობიექტები გამნაღმველებმა გაანეიტრალეს.
"ჩვენ გულდასმით ვაფიქსირებთ დამპყრობელთა დანაშაულებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ნგრევა და სიკვდილი მოუტანა ჩვენს მიწას, ყველაფერს გადაიხდის!" - აღნიშნა კირილენკომ.