რუსებმა ხერსონი დაბომბეს: დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა - 58
რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 58 - დაშავდა, მათგან 18 მძიმე მდგომარეობაშია. ამ ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ისინი თავს დაესხნენ ბაზარს, სავაჭრო ცენტრს, საცხოვრებელ კორპუსებს, ადმინისტრაციულ შენობებს - იმ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტი ხალხია", - დაწერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ტელეგრამზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ტერორისტი, დაშინებისა და სიამოვნების მიღების მიზნით ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. მან სოციალურ ქსელებში ქალაქის დაბომბვის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დაღუპული ადამიანები ჩანან.
"სოციალური ქსელები, სავარაუდოდ, ამ ფოტოებს "სენსიტიურ შინაარსს" მიაწერენ. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი - ეს არის უკრაინის და უკრაინელების რეალური ცხოვრება. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს "რუსული სამყაროს" შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გზით. ხერსონი. შაბათ დილას, შობის წინ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები, ეს არ არის ომი წესების დაცვით. ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინებისა და სიამოვნების მიღების გამო." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.