ტაივანმა სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
ტაივანის პრეზიდენტმა ცაი-ინგ ვენმა კუნძულის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
„ჩვენი ძალები თავდაცვისთვის მზად უნდა იყვნენ, რათა ტაივანის სრუტეში უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გაძლიერებული მზადყოფნის საჭიროებას ტაივანელები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ზრდას უკავშირებენ.
ბოლო დღეებში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული რეგულარული არმიის ნაწილები შევიდნენ. შეხების ხაზზე გახშირებული ცეცხლის ფონზე შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს.
ტაივანში შიშობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება შესაძლოა ჩინეთმა კუნძულზე იერიშის დასაწყებად გამოიყენოს.
პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე სამხედრო გზით იურისდიქციის აღდგენაზე საუბრობს.
ტაივანის პირველმა პირმა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა დაგმო და მხარეებს კონფლიქტის „მშვიდობიანი გზით“ მოგვარებისკენ მოუწოდა.