რუსეთი 9 ფინელ დიპლომატს აძევებს და პეტერბურგში ფინეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთის ქმედებების საპასუხოდ, ქვეყნიდან ცხრა ფინელი დიპლომატი გაძევდება და ფინეთის გენერალური საკონსულოს მუშაობა შეჩერდება.
შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გაავრცელა.
მოსკოვში ფინეთის ელჩი ანტი ჰელანტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ორივე გადაწყვეტილება აცნობეს.
დიპლომატები, რომლებიც ფინეთს დატოვებენ, ფინეთის საელჩოსა და სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლები არიან.
რუსეთი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ფინეთში "ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე ვიზების გაცემაში რუსების დისკრიმინაციაზე, რუსული მისიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაბრკოლებების შექმნაზე" პასუხია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში შესვლა "ქმნის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის, ხოლო კიევის რეჟიმის წახალისება ომის გაგრძელებისკენ და დასავლური იარაღის გადაცემა, ნიშნავს აშკარად მტრულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ."
რუსეთი 1 ოქტომბრიდან სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს მუშაობაზე თანხმობას აუქმებს.
6 ივნისს, სადაზვერვო საქმიანობის გამო, ფინეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ცხრა თანამშრომელი გააძევა.