რუსეთი აცხადებს, რომ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავა. Фонтанка-ს ცნობით, ეჭვმიტანილი სანქტ-პეტერბურგის ვიბორგსკის რაიონში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. 

2 აპრილის საღამოს, სანქტ-პეტერბურგში, ვასილეოსტროვსკის რაიონში, კაფე Street Food Bar No1-ში აფეთქება მოხდა. ამ დროს იქ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მომხრე ბლოგერის, "ვოენკორი" ვლადლენ ტატარსკის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობდა. აფეთქების შედეგად ტატარსკი დაიღუპა, კიდევ 32 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 31 ჰოსპიტალიზებულია, ათი კი მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქების ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. მთავარ ვერსიებს შორის გამოძიება განზრახ მკვლელობას განიხილავს, რომელიც ჩადენილია სოციალურად საშიში გზით. დანაშაულში ეჭვმიტანილი სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი დარია ტრეპოვაა. გამოძიება აცხადებს, რომ მან კაფეში მიიტანა ყუთი ტატარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

ორშაბათს დილით, ბინა, სადაც ტრეპოვა ოფიციალურად ცხოვრობდა, გაჩხრიკეს. ეჭვმიტანილი იქ არ იმყოფებოდა და ტრეპოვას დედა და მამინაცვალი საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს.

Baza წერს, რომ პოლიცია ტრეპოვას ქმარს, დიმიტრი რილოვს ეძებს, რომელიც რუსეთში არარეგისტრირებული ლიბერტარიანული პარტიის წევრია.

მას კაფეში მომხდარ აფეთქებაში თანამონაწილეობაშია ედება ბრალი. ამავდროულად, ის ტატარსკისთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, ხოლო ლიბერტარიანული პარტია ამტკიცებს, რომ რილოვი ემიგრაციაშია.

მსგავსი სიახლეები