რუსეთი დაბომბვას აგრძელებს - ევაკუაცია მარიუპოლიდან გადაიდო

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, 5 მარტს, დილის 11 საათზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს თქმით, რუსეთი აგრძელებს ქალაქისა და მისი შემოგარენის დაბომბვას, რის გამოც, ევაკუაცია გადაიდო.

„რუსული სამხედრო შენაერთები აგრძელებენ მარიუპოლის და მისი შემოგარენის დაბომბვას, ამიტომ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ევაკუაცია გადაიდო“, - ამბობს კირილენკო.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირინა ვარეშჩუკმა - უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა - განაცხადა, რომ მწვანე კორიდორებსა და ცეცხლის დროებით შეწყვეტას რუსეთი სათავისოდ იყენებს და მათი შეიარაღებული დაჯგუფებები აგრძელებენ წინსვლას.

„ჩვენი სამხედროები იტყობინებიან, რომ შეთანხმებული კორიდორის მიმართულებით (მარიუპოლი-ნიკოსკოე-ზაპოროჟიე) რუსები ცეცხლს არ ხსნიან, თუმცა სამხედროები აგრძელებენ მანევრირებას

მინდა მივმართო რუსულ მხარეს და ვთქვა შემდეგი: შეთანხმებულ მწვანე კორიდორებსა და ცეცხლის დროებით შეწყვეტას საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით და წითელი ჯვრის დახმარებით ვასრულებთ. ეს ნიშნავს, რომ საევაკუაციოს გზას, რომლითაც ბავშვები და ქალები უნდა გამოვიყვანოთ და, ასევე, ქალაქში დარჩენილებს ჰუმანიტარული ტვირთი მივაწოდოთ, სამხედრო შენაერთები არ უნდა უახლოვდებოდეს", - ამბობს ვარეშჩუკი.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც, მხარეები ალყაშემორტყმულ დასახლებულ პუნქტებში ჰუმანიტარული კორიდორების აუცილებლობასა და ცეცხლის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

უფრო მეტი მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე წაიკითხეთ აქ.

მსგავსი სიახლეები