რუსეთი მზადაა "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებას დაეთანხმოს - Bloomberg
რუსეთი დაეთანხმება გაეროს შუამავლობით დადებული "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებას, რომელიც შავი ზღვიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. ინფორმაციას Bloomberg ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დაეთანხმება შეთანხმების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც 19 ნოემბერს მისი მოქმედება შეწყდება. ამასთან, მათ არ დაუკონკრეტებიათ, ექნება თუ არა რუსეთის ფედერაციას ახალი პირობები შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ.
"მარცვლეულის შეთანხმების" ადმინისტრირების ერთობლივი ორგანოს სპიკერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის არაფერია დადასტურებული ან გამოცხადებული.
კონტექსტი
29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა "მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი "ფიქტიურ ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს საკუთარ ობიექტებზე".
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.
22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.
ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დილით დატოვა.