რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს - ISW
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რელიგიური დევნის სულ მცირე 76 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს.
"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ხელისუფლებამ სულ მცირე 26 სალოცავი დახურა, ნაციონალიზაცია მოახდინა ან ძალდატანებით გადაიყვანა კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში.
მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს სულ მცირე 29 სასულიერო პირი ან რელიგიური ლიდერი და გაძარცვეს, შეურაცხყვეს ან განზრახ გაანადგურეს მინიმუმ 13 სალოცავი." - აცხადებენ ISW-ს ანალიტიკოსები.
"რელიგიური რეპრესიების ეს შემთხვევები, სავარაუდოდ, არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, უკრაინაში "არასასურველი" რელიგიური ორგანიზაციების სისტემატური მოსპობისა და მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის გაზრდის მიზნით", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ISW-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრძელებს რელიგიის იარაღად გამოყენებას და შეიძლება მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომა, 16 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებისთვის გამოიყენოს, რაც უკრაინის კონტრშეტევას შეაფერხებს.
ამასთან, რუსეთის ფედერაცია, თავად არ ავლენს ასეთ პატივისცემას რელიგიის მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"რუსეთის მხრიდან რელიგიური დევნა, სავარაუდოდ, ასევე არის კულტურული გენოციდის და ეთნიკური წმენდის რუსული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი უკრაინელი ერის ან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეის განადგურებას", - აცხადებენ ISW-ის ექსპერტები.