რუსეთი, თურქეთი და კატარი სამმხრივ "მარცვლეულის შეთანხმებას" ამზადებენ - Bild

"მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შესახებ რუსეთმა თურქეთი წინასწარ გააფრთხილა, ახლა კი რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომელმაც წინა უნდა შეცვალოს.

ამას მოწმობს 21 ივლისიდან 8 აგვისტომდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმოწერა რუსეთისა და თურქეთის საელჩოებთან, რომელიც Bild-მა მოიპოვა.

"შემოთავაზებულია რუსული მარცვლეულის ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდება, ძირითადად აფრიკაში. ორგანიზატორი თურქეთი იქნება, სპონსორი კი კატარი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, მარცვლეულის წინა შეთანხმება აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გაიგზავნოს. ანკარა რუსეთს ასევე გაეროს ეგიდით მოქმედებას სთავაზობს." - ნათქვამია განცხადებაში.

Bild-ის ცნობით, ახალი შეთანხმება შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას, ბუდაპეშტში გაფორმდეს. ამისათვის თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი იქ უკვე გაფრინდა. უნგრეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ჩავა.

პუტინმა წარსულში თქვა, რომ რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებაში" დაბრუნების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მისი პირობები სრულად დაკმაყოფილდება.

მსგავსი სიახლეები