რუსეთის არმიამ დნესტრისპირეთში არასანქცირებული წვრთნები ჩაატარა
22 დეკემბერს, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის არმიამ წვრთვნები ჩაატარა. ამის შესახებ Newsmaker წერს.
არასანქცირებული წვრთნების ფარგლებში დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში გისკასა და კორჟოვასთან სროლების ხმა ისმოდა და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში Newsmaker-ს განუცხადეს, რომ საკითხს შერეული საკონტროლო კომისიის მომავალ სხდომაზე (შსკ) დააყენებენ.
"ამ საკითხს შსკ-ს სხდომაზე დავაყენებთ, რომლის დროსაც მოლდოვის დელეგაცია დაადასტურებს თავის უცვლელ პოზიციას უსაფრთხოების ზონის პერიმეტრზე ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რამაც შეიძლება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს," - აღნიშნეს ბიუროში.
ცოტა ხნის წინ სამხედრო წვრთნები ჩატარდა მოლდოვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის საზღვართან და უკრაინის საზღვრიდან მხოლოდ 22 კილომეტრში.
ახლახან კი მოლდოვამ პირველი ახალი თაობის ფრანგული რადარი მიიღო.