რუსეთის ატომური ფლოტი კუბის წყლებში წვრთნებს ჩაატარებს
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები კარიბის ზღვაში წვრთნებისთვის გაემგზავრება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (ТАСС) ცნობით, რუსული ფლოტის გემები ჰავანის პორტში 12 ივნისს შევლენ.
ამავე წყაროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფლოტის ფრეგატი ადმირალი გორშკოვი, ატომური წყალქვეშა ნავი კაზანი, ტანკერი აკადემიკოსი პაშინი და სამაშველო-საბუქსირო გემი, ნიკოლაი ჩიკერი.
"არცერთ გემი არ ატარებს ბირთვულ შეიარაღებას, აქედან გამომდინარე მათი გადაადგილება არ უქმნის საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებას" - კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ავიაციაც. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტის გემები ჩავლენ ვენესუელაშიც.
გამოცემასთან საუბარში აშშ-ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გემების მცირე რიცხვის გათვალისწინებით აშშ აღნიშნულ წვრთნებს საკუთარი უსაფრთხოების რისკად არ განიხილავს.
კუბას გასულ წელს ესტუმრა სასწავლო გემი პერეკოპი. ბოლოს როდესაც ჰავანას რუსული ფლოტის დიდი ჯგუფი ესტუმრა 2013 წელს იყო - მაშინ რუსულ ფლოტს კრეისერი მოსვკა მიუძღვებოდა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 14 აპრილს გაანადგურეს.