რუსეთის დუმამ შესაძლოა თანამემამულედ აღიაროს ყველა, ვინც რუსული ენა იცის
რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თანამემამულეს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ყველა ადამიანს, ვინც რუსულ ენა იცის.
ინიციატივის ავტორი დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის წევრი, კონსტანტინ ზატულინია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული თანამემამულეს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ადამიანებს, რომელთა წინაპრებიც რუსეთში ისტორიულად მცხოვრები ერების წარმომადგენლები არიან და ამავდროულად ფლობენ რუსულ ენას.
გარდა ამისა კანონპროექტით გათვალისწინებულია რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ერებისა და ეთნოსების ჩამონათვალის დაზუსტება. ამ ჩამონათვალის შავ ვერსიაში ისტორიულად რუსეთში მცხოვრებ ერებად არიან მიჩნეულნი უკრაინელები და ბელარუსები.
ამავდროულად აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს განსაკუთრებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. ზატულინის თქმით ამ კანონის მიღება საჭიროა რუსეთის სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსების შთამომავლების რეპატრიაციას ითვალისწინებს.
ამავე ჩამონათვალში შედიან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მცირერიცხოვანი ძირძველი ხალხები.