რუსეთის ელიტას აღარ სჯერა, რომ პუტინი ომს მოიგებს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, რუსული ელიტის წევრებმა - მათაც კი, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უჭერს მხარს - დაკარგეს ნდობა, რომ პუტინს ომის მოგების უნარის აქვს და კრემლისთვის საუკეთესო ვარიანტად ახლა "გაყინულ" კონფლიქტს ხედავენ.
Bloomberg სიტუაციის მცოდნე შვიდ ადამიანს ესაუბრა, რომლებსაც ანონიმურად დარჩენა სურდათ.
რუსულ ელიტას უკრაინაში პუტინის ომის პერსპექტივაზე ღრმა ბუნდოვანება აწუხებს და ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტად გაყინული კონფლიქტი განიხილება.
პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში ბევრი დაიღალა ომით და მისი დასრულება სურს, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ არავის უნდა ინტერვენციის გამო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუპირისპირდეს, მისი ლიდერობის აბსოლუტური რწმენა შეირყა.
გამოცემის თანამოსაუბრეებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ხელსაყრელი პერსპექტივა წლის ბოლოს მოლაპარაკებები იქნება, რაც ომს გადააქცევს "გაყინულ" კონფლიქტად და პუტინს საშუალებას მისცემს გამოაცხადოს რუსების პიროსის გამარჯვება, შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი.
რუსეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა კირილ როგოვმა, რომელმაც ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, განაცხადა: "ელიტა ჩიხშია - მათ ეშინიათ, რომ შეიძლება უაზრო ომის განტევების ვაცები გახდნენ. მართლაც გასაოცარია, რამდენად გავრცელებულია ელიტაში ის განწყობა, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს."
გამოცემა თვლის, რომ მზარდი იმედგაცრუება, სავარაუდოდ, გაზრდის პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას წარუმატებელ ომზე, რამაც უკვე გამოიწვია მკვეთრი საზოგადოებრივი განხეთქილება.
ამასთანავე, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები აძლიერებს დაუცველობის განცდას, მათ შორის ბოლოდროინდელი დრონების დარტყმები მოსკოვზე და ბრძოლები რუსეთის ბელგოროდის რეგიონში. ეს ყველაფერი ძირს უთხრის პუტინის, როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტის იმიჯს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ელიტის უმეტესობა არ ჩერდება და აგრძელებს თავის საქმეს, მიაჩნია, რომ მოვლენებზე გავლენას ვერ ახდენს. პუტინი კი, თავის მხრივ, არ აჩვენებს ომის დამთავრების სურვილს.
მიუხედავად იმისა, რომ რიგითი რუსების უმრავლესობა პუტინის მხარდაჭერას აგრძელებს, რუსების შეშფოთების დონე იზრდება.
მაისის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 53%-ს სჯერა, რომ მათი ოჯახები და მეგობრები შეშფოთებული არიან, რაც 11%-ით მეტია აპრილთან შედარებით.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ეჭვგარეშეა, რუსეთს საბრძოლველად უზარმაზარი რესურსები ჯერ კიდევ აქვს.