რუსეთის ხელისუფლება არმიის დისკრედიტაციაში ბრალდებულებს ქონებას ჩამოართმევს
რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფოს არმიის დისკრედიტაციაში ბრალდებულებისთვის ქონების კონფისკაციის უფლება მიენიჭება.
კანონპროექტი გასულ კვირას ქვედა პალატამ დაამტკიცა. როგორც კი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კანონს ხელს მოაწერს, ის ძალაში შევა.
კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს უფლება მიეცემა ქონება ჩამოართვას პირებს, რომლებიც ხელისუფლების აზრით, ჩართული არიან ექსტრემისტული ქმედებების წახალისებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ამართლებენ ტერორიზმს და მიზნად ისახავენ ჯარის დისკრედიტაციას.
ქვედა პალატის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაძირლებს საპატიო ტიტულებს, ქონებას, ფულს, ძვრიფას ნივთებს ჩამოართმევს“ და „მოღალატეებისთვის, რომლებიც რუსეთსა და მის ჯარს ტალახს ესვრიან“ სასჯელს გაამკაცრებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიღებული კანონი, რომელიც რუსი სამხედროების კრიტიკას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, მიზნად კრემლის ქმედებებზე განსხვავებული აზრის ჩახშობას და ვლადიმირ პუტინის კრიტიკის შეზღუდვას ისახავს.