ЗСУ-ს 7-თვიანი ოპერაციის დასასრული - რა ხდება კურსკის ოლქში

12 მარტს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის მასშტაბური კონტრშეტევის შედეგად კურსკის ოლქში, სხვადასხვა დასახლებული პუნქტი დაკარგეს, მათ შორის, სუჯას დიდი ნაწილიც, რომელიც უკრაინელების მიერ კურსკის ოლქში კონტროლირებადი ყველაზე დიდი რაიონული ცენტრი იყო.

მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირკსიმ განაცხადა, რომ პირადი შემადგენლობის შენარჩუნება არის მთავარი ამოცანა - "თავდაცვის ძალების დანაყოფები, აუცილებლობიდან გამომდინარე, უფრო მომგებიან პოზიციებზე დაიხევენ". მისი თქმით, კურსკში ჯერ კიდევ გრძელდება ინტენსიური ბრძოლები, განსაკუთრებით, სუჯის გარეუბნებსა და მიმდებარე რაიონებში.

გარდა ამისა, მთავარსარდალმა რუსული მხარის დანაკარგებზეც ისაუბრა - “რუსეთმა, კურსკის ოპერაციის დროს, თითქმის 55 000 სამხედრო დაკარგა - 22,2 ათასი დაღუპულის, 31,8 ათასი დაჭრილისა და 942 ტყვეს სახით".

12 მარტს, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქში შეიჭრნენ, ადგილზე პირველად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და კურსკის დაჯგუფების ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა, თათბირიც კი გამართა.

ეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ვლადიმირ პუტინი სამხედრო კამუფლაჟში გამოჩნდა. ვალერი გერასიმოვთან საუბარში პუტინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ფიქრი ე.წ. ბუფერული ზონის ორგანიზებაზე სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, რაც, მაღალი ალბათობით, სუმის ოლქში რუსული საოკუპაციო არმიის შეჭრას გულისხმობს.

უკრაინული დანაყოფების გასვლა დაადასტურა DeepState-მაც (უკრაინული OSINT ჯგუფი). თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მძიმე შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბოლო გავრცელებული როგორებისგანაც თანახმად, უკრაინული თავდაცვის ძალები ქალაქი სუჯას სამხრეთით, დასახლებულ პუნქტ გონჩაროვკაში გამაგრდნენ.

დასავლელი ანალიტიკოსების მიერ განახლებული საბრძოლო მოქმედებების რუკების თანახმად, მხოლოდ 12 მარტს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სუჯას ცენტრალური ნაწილის გარდა, 5 მოზრდილი დასახლებული პუნქტიდან დაიხიეს უკან.

ანალოგიური შინაარსის ინფორმაციასა ავრცელებს უკრაინელი OSINT ანალიტიკოსი ოლეგ პეტრენკოც; მის მიერ გავრცელებული საბრძოლო მოქმედებების რუკის თანახმად, 12 მარტს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქი სუჯას გარდა, უკან დაიხიეს დასახლებული პუნქტებიდან: ბოგლანოვკა, კაზაჩაია ლოკნია, კნიაჟნი ვტაროი, კნიაჟნი პერვი, მახნიოვკა.

12 მარტს გახდა ცნობილი, რომ ЗСУ-ს "ჩრდილოეთის" ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი დმიტრი კრასილნიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სწორედ, მის პასუხისმგებლობაში შედიოდა კურსკის მიმართულება. საინტერესოა, რომ გენერლის თანახმად, მის გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი ჯერ კიდევ 7 მარტს იყოს მოწერილი.

რა მოხდა?

თებერვლის მეორე ნახევრიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდნენ; უკრაინული და რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ЗСУ-ს კურსკში ყველა მხრიდან უტევენ. ამასთანავე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსული შენაერთები უკრაინის საზღვრის გარღვევასა და სუმის ოლქში შეჭრას ცდილობენ.

19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა კურსკში მიმდინარე კონტრშეტევას - „დღეს ღამით, 810-ე ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის და უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე [რედ. სუმის ოლქი] შეიჭრნენ“, - თქვა პუტინმა.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო უკრაინის გენერალურმა შტაბმა. უწყების თქმით, კურსკის ოლქში ვითარებას უკრაინული დანაყოფები აკონტროლებენ, ხოლო სუმის ოლქში რუსული დანაყოფების შეჭრის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

კურკის ოლქში რუსული კონტრშეტევა მთელი თებერვლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე 1 მარტს გახდა ცნობილი, რომ საოკუპაციო არმიამ სუმის ოლქის საზღვრის გარღვევა შეძლო.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინულმა მხარემაც. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი, მცირე მოიერიშე ჯგუფებით ცდილობს, გააფართოოს საბრძოლო მოქმედებების ზონა კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალის ნაწილები ცდილობენ, არ მისცენ მოწინააღმდეგეს პლაცდარმის შექმნის საშუალება, სიტუაცია სუმის ოლქის სასაზღვრო ზოლში დაძაბული რჩება.

უკრაინელი და დასავლელი ანალიტიკოსები, სუმის ოლქში შეჭრას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგში გასვლასა და მათი მთავარი მომარაგების ხაზისთვის საფრთხის შექმნით ხსნიდნენ. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდებოდა.

2 მარტს, უკრაინულმა OSINT ანალიტიკოსთა ჯგუფმა Deep State-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის არმიას, კურსკის ოლქში მიმავალი მთავარი ლოჯისტიკური ხაზი საცეცხლე კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.

„კურსკის ოლქში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მოწინააღმდეგის საცეცხლე კონტროლი ЗСУ-ს მთლიან ლოჯისტიკაზე. იანვრის თვიდან მოყოლებული, რუსული ძალები ზრდიან თავიანთ შესაძლებლობებს, რათა ჩვენს გადაადგილებას თვალი ადევნონ. ჩვენი მხრიდან კი სათანადო ზომები არ გატარებულა“, - იტყობინებოდნენ ანალიტიკოსები.

უკვე 6 მარტს, სუჯას სამხრეთით, დასახლებული პუნქტი გუევოს თავზე არსებული მდინარე გადალახა რუსულმა დანაყოფებმა, ბლოკირება გაუკეთეს სოფელ კურილოვკას და სვლა უკრაინის საზრისკენ განაგრძეს.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსული დანაყოფების სუმის ოლქში შეჭრის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. სწორედ, ფლანგებში გასვლამ საფრთხე შეუქმნა სუჯაში მყოფი უკრაინული შენაერთების მეორადი მომარაგების ხაზს. გარდა ამისა, გუევოს უკრაინული დაჯგუფება სრულად მოწყვეტილი დარჩა სუჯას დაჯგუფებისგან.

10 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლქესანდრ სირკიმ კურსკის ოლქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რუსული კონტრშეტევა შეაფასა.

"მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო შენაერთების მნიშვნელოვანი ნაწილია იერიშზე გადმოსული, მტერი განიცდის საგრძნობ დანაკარგს განიცდის". – განაცხადა სირსკიმ.

გარდა ამისა, სირსკიმ უპასუხა რუსეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებს რუსეთი ალყაში აქცევს: "უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საშიშროება არ არის, შენაერთები დროულ ზომებს იღებენ და თავდაცვისთვის შესაბამის მანევრებს აკეთებენ".

ფინურმა OSINT ანალიტოსკთა ჯგუფმა Black bird-მა, 10 მარტს გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ კურსკში მყოფი უკრაინული დაჯგუფების მთავარ და მეორადი მომარაგების გზები საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა - „რუსულმა წინსვლამ, სავარაუდოდ, უკრაინელებს შეუზღუდა მეორადი მომარაგების მარშრუტის გამოყენება კურილოვკას დასავლეთით. ამასთანავე, მთავარი მომარაგების მარშრუტი სუმიდან სუჯას მიმართულებით რუსული დრონების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რაც მის გავლას უკიდურესად სახიფათოს ხდის” - წერდა ანალიტიკოსების ჯგუფი.

12 მარტს, დღის განმავლობაში, რუსი Z-ბლოგერების მიერ გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალებითა და უკრაინელი OSINT ანალიტიკოსების ცნობების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორგანიზებული უკან დახევა დაიწყეს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებდა უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი, იური ბუტუსოვიც.

12-13 მარტის მდგომარეობით, ვითარება სტაბილურად მძიმეა. დაუდასტურებელი ინფორმაციების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ორგანიზებულად ცდილობენ უკან დახევას.

ამ მომენტისთვის, ЗСУ-მ კურსკის ოლქი სრულად არ დატოვა. ბრძოლები გრძელდება ქალაქი სუჯას გარეუბნებში; არსებული ინფორმაციების თანახმად, უკრაინული ძალები მდინარე ოლეშნიას სამხრეთით, დასახლებულ პუნქტ გონჩაროვკაში არის გამაგრებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, ЗСУ "კურსკის ოლქში თავდაცვით ოპერაციას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს მიზნობრივი და აუცილებელი იქნება".

 

კონტექსტი


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის კურსკის ოლქში, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში წამოიწყო. უკვე 1 სექტემბერს ЗСУ კურსკის ქალაქ სუჯას და რამდენიმე ათეულ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდა.

უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის განცხადებებით, კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: სუმის ოლქში შესაჭრელად გამზადებული რუსული დანაყოფების განეიტრალება, დონეცკის ფრონტიდან რუსული შენაერთების გადმოსროლა და კურსკში ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.

რუსეთი, მთელი 8 თვის განმავლობაში, აქტიურად ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქიდან განდევნას, თუმცა, უშედეგოდ. სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა კურსკში თავი მოუყარა რამდენიმე ათეულ ათას მებრძოლს.

აღსანიშნავია, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლებიც დაიხმარა. უკრაინისა და სამხრეთ კორეის განცხადებით, რუსეთმა კურსკში 10-12 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლი ჩამოიყვანა კურსკში.

საყურადღებოა, რომ კურსკში რუსეთის არმიის იერიში და წინსვლა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 3-დღიანი ზავის ფონზე მიმდინარეობს. 

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფრონტის მთელ პერიმეტრზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ. 

ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ აღდგება უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის შემდეგ შეაჩერა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება. 

ამერიკული მედიის ცნობით, 13 მარტს მოსკოვს ვიზიტი ეწვევა ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც ვლადიმირ პუტინს შეხვდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ასევე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები