რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კადრების ნაკლებობას კრიტიკულად მიიჩნევს
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ მისი უწყება თანამშრომლების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის.
"კადრების დეფიციტი ძალიან დიდია. მე ვიტყოდი, რომ უკვე კრიტიკულია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5 ათასმა თანამშრომელმა დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები. მძიმე ვითარებაა," - განაცხადა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ახალი ხელმძღვანელების წარდგენის ცერემონიაზე.
კოლოკოლცევმა აღნიშნა, რომ ანექსირებული სევასტოპოლისა და მაგადანის რეგიონის თანამშრომლებს, კადრების მნიშვნელოვანი ნაკლებობის პირობებში, აქვთ "კოლოსური ტვირთი" და ადგილობრივ შინაგან საქმეთა უწყებებს მოუწოდა "ყველაფერი გააკეთონ ამ რისკების შესამცირებლად."
კოლოკოლცევმა თანამშრომლების ნაკლებობაზე წარსულშიც ისაუბრა, თუმცა სიტუაციას კრიტიკული არ უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო განყოფილებებში, მხოლოდ 2021 წელს, გადამდგარი გამომძიებლების რაოდენობა მესამედით გაიზარდა.
"ყველაზე სერიოზული პრობლემა დეფიციტია. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან წასული გამომძიებლების რაოდენობა. დეფიციტის საკითხი აქტუალურია ასევე საპატრულო პოლიციაში, სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილებაში, ნარკოტიკების კონტროლის და ეკონომიკური უსაფრთხოების ქვედანაყოფებში. ანუ ყველა საკვანძო სფეროში," - განაცხადა კოლოკოლცევმა 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა არც მაშინ და არც ახლა არ დაასახელა თანამშრომელთა მასობრივი გადინების ძირითადი მიზეზები.