რუსეთის თავდაცვა: ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის დეტონაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფიოდოროვკას სამხედრო აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პირველ განმარტებას ავრცელებს. 

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქების მიზეზი ადგილზე შენახული საბრძოლო მასალის დეტონაცია გახდა. ამავდროულად უწყების ცნობით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, არ დაზიანებული საავიაციო ტექნიკაც.

"ვიღებთ ზომებს ხანძრის ლოკალიზებისა და მომხდარი მიზეზის დადგენისთვის. არსებული ცნობებით, არანაირი საცეცხლე ზემოქმედება საბრძოლო მასალების საწყობის მიმართულებით არ გამოვლენილა",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო პუნქტზე აფეთქებები დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა - ადგილობრივების ცნობით საუბარი დაახლოებით 10 აფეთქებაზე. 

სოფელი ნოვოფიოდოროვკა ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ საკის მახლობლად მდებარეობს. ღია წყაროების მიხედვით ამ ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აეროდრომი და პოლიგონი. 

ყირიმში მომხდარი აფეთქებების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია უკრაინულ მხარეს. 

ბოლო კვირებში ეს ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების მეორე შემთხვევაა - 31 ივლისს რუსეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, ოკუპირებულ სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განხორციელდა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა შტაბის 6 თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები