რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობას ვაჩერებთ
რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა.
"რუსული მხარე აჩერებს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს, "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის შემდეგ მიიღეს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობდნენ".
ოკუპანტებმა რუსულ გემებზე თავდასხმაში "უკრაინის ხელისუფლება და ბრიტანელი სპეციალისტები" დაადანაშაულეს.
კონტექსტი
29 ოქტომბერს დილით ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი, "1+1"-ის კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ დაზიანებულია სულ მცირე სამი რუსული ხომალდი, რომლებსაც "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტები გადაჰქონდათ, მათ შორის ფრეგატი "ადმირალ მაკაროვი". ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
უკრაინის თავდაცვის ძალების "სამხრეთის" სარდლობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა ივარაუდა, რომ აფეთქებების მიზეზი შეიძლება რუსი დამპყრობლების მიერ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარუმატებელი გაშვება ყოფილიყო.