რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: მოსკოვის რეგიონს 5 დრონი დაესხა თავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ მოსკოვის რეგიონს სავარაუდოდ 5 დრონით შეუტია.
"დღეს დილით კიევის რეჟიმმა სცადა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა მოეწყო." - აღნიშნა სამინისტრომ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 4 "უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი" გაანადგურეს.
და კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ელექტრონული ომის საშუალებით "ჩაახშეს" და მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
თუმცა, რუსულმა ტელეგრამის არხმა Shot-მა გაავრცელა ინფორმაცია ახალი მოსკოვის სოფელ კრივოშეინოში დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ და შესაბამისი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
მანამდე, რუსულმა მედიამ და ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 4 ივლისს, დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2 დრონი ჩამოაგდეს, ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ, თავს დაესხა სამხედრო ბაზას სოფელ კუბინკაში.
ამის გამო ვნუკოვოს აეროპორტიდან მოსკოვის სხვა აეროპორტებში დაახლოებით 14 რეისი გადამისამართდა.