რუსეთის ВДВ-ს ყოფილი მეთაური: ჩვენი არმია დღეს პარტიზანულ დანაყოფს ჰგავს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, გენერალ-პოლკოვნიკი, ვლადიმირ შამანოვი პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს მწვავე კრიტიკით გამოვიდა.
შამანოვის თქმით, არმიის მომარაგების თვალსაზრისით უსერიოზულესი პრობლემები აქვს და ამ კუთხით რუსეთის არმია უფრო მეტად პარტიზანულ დაჯგუფებას ჰგავს.
"ვინც წინა ხაზზეა ნამყოფი მათ იციან, რომ დღევანდელი არმია პარტიზანულ დაჯგუფებას ჰგავს. არმია საკუთარ თავს თვითონ აცმევს, ჯარისკაცების ოჯახის წევრების, ნათესავების ფულით. სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული აღჭურვილობის ხარისხი არანაირ შეფასებას არ ექვემდებარება",- განაცხადა გენერალ-პოლკოვნიკმა.
ვლადიმირ შამანოვი სხვადასხვა წლებში რუსეთის არმიაში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა - 1990-იან წლებში შამანოვი ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაური იყო, 1999-2000 წლებში კი რუსეთის 58-ე არმიას ხელმძღვანელობდა. 2009-2012 წლებში კი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებს (ВДВ) მეთაურობდა. 2012 წლიდან შამანოვი დუმის დეპუტატია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს.
შამანოვის კრიტიკის ქვეშ მოექცნენ რუსეთის არმიის გენერლებიც - კოლეგებს შამანოვმა "სხვა არმია უწოდა, გამოწკეპილი და გამოპრანჭული."
კონტექსტი
თავდაცვის სამინისტროსა და არმიის ხელმძღვანელობის კრიტიკა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სახიფათო საქმიანობა გახდა.
საყურადღებოა, რომ შამანოვი რუსეთის 58-ე არმიის უკვე მეორე გენერალია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.
მაისში მოსკოვის გარნიზონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გენერალ ივან პოპოვს, რომელიც 58-ე არმიას 2023 წლის ივლისამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში დროს ხელმძღვანელობდა.
პოპოვმა თანამდებობა სკანდალით დატოვა - სოციალურ ქსელებში გავრცელებული აუდიო მიმართვაში პოპოვი ამბობდა, რომ თანამდებობიდან ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების წამოჭრისთვის გადააყენეს. პოპოვი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პოპოვი სირიაში გადაიყვანეს, თუმცა უკვე მიმდინარე წლის მაისში თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.