რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
21 დეკემბერს რუსულმა და ჩინურმა ხომალდებმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყეს. ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს თქმით, მანევრებით გაგრძელდა წვრთნების სერია, რომელიც ასახავს ორ ქვეყანას შორის "მზარდ თანამშრომლობას".
წვრთნებში მონაწილეობა მიიღო სარაკეტო კრეისერმა "ვარიაგმა", გამანადგურებელმა "მარშალმა შაპოშნიკოვმა" და წყნარი ოკეანის ფლოტის ორმა კორვეტმა. წვრთნებში ჩართულია ორი ჩინური გამანადგურებელი და დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავი. ასევე მონაწილეობდნენ რუსული და ჩინური თვითმფრინავები.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წვრთნები 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
"სწავლების მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.