რუსეთმა ათი ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა

მოსკოვში ნორვეგიის საელჩოსა და თავდაცვის ატაშეს ოფისის ათი წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ 26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე დაიბარეს. მან მიიღო "მკაცრი პროტესტი" ოსლოს გადაწყვეტილების გამო, ნორვეგიიდან რუსეთის საელჩოს 15 დიპლომატისა და სამხედრო ატაშეს ოფისის წევრების გაძევების შესახებ.

ნოტა დიპლომატს პირადად გადაეცა.

ნორვეგიის ელჩს ასევე განუცხადეს, რომ ნორვეგიის ქმედებას სხვა ზომებიც მოჰყვება, მათ შორის ნორვეგიის დიპლომატიური მისიების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაქირავებაზე შეზღუდვები.

რუსული დაზვერვის საქმიანობის ფარული გამოძიება

იმავდროულად, ოთხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - SVT შვედეთში, NRK ნორვეგიაში, DR დანიაში და Yle ფინეთში - ჩაატარეს გამოძიება, რომლის დროსაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ სკანდინავიის ქვეყნებში რუსეთის საელჩოების მრავალ თანამშრომელს კავშირი აქვს რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან.

SVT-მ დაადგინა 21 რუსი დაზვერვის ოფიცერი, რომელთაგან სულ მცირე 13 მუშაობდა სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოში მინიმუმ 2022 წლის აპრილამდე

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფინეთში რუსეთის საელჩოს დიპლომატების მესამედი დაზვერვის ოფიცერია. წყარომ Yle-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახური რამდენჯერმე ჩაერია კონტაქტების დამყარების მცდელობაში, როდესაც რუსეთის დაზვერვის ოფიცერმა ფინური მხარისგან ინფორმაცია მოითხოვა ან სხვა თანამშრომლობა შესთავაზა.

შვედეთმა და ნორვეგიამ რუსი დიპლომატები გააძევეს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ხუთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსების საქმიანობა "შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან."

13 აპრილს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს, რომლებიც "დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობით" არიან დაკავებული.

მსგავსი სიახლეები