რუსეთმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბა, მოკლულია 7 მოქალაქე
რუსეთის არმიამ ქალაქ ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბა - ბოლო მონაცემებით მოკლულია 7 და დაშავებულია 17 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი თავის ტელეგრამ-არხზე აქვეყნებს.
შემთხვევა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სალტოვის რაიონში მოხდა - სალტოვი ქალაქის უმსხვილესი საცხოვრებელი რაიონია, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსული არტილერიის მთავარი სამიზნეა.
ადგილობრივების ცნობით, სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 21 საათსა და 30 წუთზე განხორციელდა. დარტყმის შედეგად განადგურებულია 3-სართულიანი საერთო საცხოვრებლის შენობა. შენობაში 30-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის პენსიონერები და ბავშვები.
ზოგი ადგილობრივი ჩინოვნიკის ცნობით, სარაკეტო შეტევა წინასწარი მონაცემებით "კალიბრის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ოლეგ სინოგუბოვის თქმით, შეტევა "ისკანდერის" ტიპის რაკეტით განხორციელდა.
ამ დროისთვის მონაცემებით დაჭრილებს შორისაა 11 წლის მოზარდი, 1 მოქლაქე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სხვა დაჭრილები უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან.
ხარკოვის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, შენობა სმენის პრობლემების მქონე პირთა საერთო საცხოვრებელი იყო და რაკეტის მოხვედრის მომენტში შენობაში 20-დან 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით შენობაში არ იყო განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მოკლულებსა და დაჭრილებს შორის მხოლოდ სამოქალაქო პირები არიან.
ტრაგედიას გამოეხმაურა, ვოლოდიმირ ზელენსკიც - "როცა გესმის სალტოვზე ეს ახალი ტკივილია, ტკივილი მთელი უკრაინის გამო, ტკივილი ხარკოვზე".
ზელენსკიმ მომხდარს რუსეთის ცინიკური და შემაძრწუნებელი შეტევა უწოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომხდარი "აგრესორის უსუსურობაზე მეტყველებს".