რუსეთმა კურსკის ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქის რილსკის და ხომუტოვსკის რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო, საზღვრიდან 15 კილომეტრში და უფრო ახლოს მდებარე დასახლებებიდან.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა 16 სექტემბერს განაცხადა.
"ადგილობრივი მაცხოვრებლების გამგზავრების პროცესის კოორდინაცია ევალება სამართალდამცავ ორგანოებს, ადგილობრივ ადმინისტრაციას და კურსკის "პატრიოტთა" ცენტრის მეთვალყურეებს. ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდონთ არსებულ ვითარებას და დაიცვათ უსაფრთხოების ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია," - წერს სმირნოვი ტელეგრამის არხზე.
იმავდროულად, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) მიმართა თხოვნით, შეუერთდნენ ჰუმანიტარულ ძალისხმევას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე.
"უკრაინა მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მათ საქმიანობაში და დაამტკიცოს თავისი ერთგულება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართ," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში, 16 სექტემბერს დილით.
რამდენიმე დღით ადრე, ქალაქ სუჯასა და რუსეთის კურსკის ოლქის სუჯანსკის მაცხოვრებლების ნათესავებმა მიმართეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინს და ვლადიმერ ზელენსკის, ასევე ორი ქვეყნის ომბუდსმენებს მოთხოვნით, მოაწყონ ჰუმანიტარული დერეფანი სუჯანსკის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისთვის და დაიწყონ მოლაპარაკებები ხალხის ევაკუაციის შესახებ.
"11 სექტემბერს რუსეთის არმიამ დაიწყო შეტევა სუჯაზე, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადაწყვეტენ ქალაქში თავის დაცვას, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის შანსი მინიმალურია," - აცხადებენ წერილის ავტორები. მათი ინფორმაციით, უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად კურსკის რეგიონის დასახლებებში სულ მცირე 698 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.