რუსეთმა სამხედრო შენაერთები 60 წლის წინანდელი ტანკებით აღჭურვა - ბრიტანული დაზვერვა

რუსი სამხედროები მძიმე ჯავშანტექნიკის დანაკარგებზე რეაგირებას T-62-ის ტიპის ტანკების ბრძოლაში ჩართვით აგრძელებენ. ამის შესახებ Twitter-ზე 6 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გვარდიის 1-ლი სატანკო არმიის ქვედანაყოფებიც კი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მთავარი სატანკო ფორმირებაა, დანაკარგების კომპენსაციის მიზნით ხელახლა აღიჭურვა T-62-ებით.

2021 წელს გვარდიის პირველ სატანკო არმიას ახალი თაობის ტანკები, Т-14 "Армата" უნდა მიეღო.

ბოლო დღეებში უკრაინაში ასევე პირველად მოხდა რუსული ჯავშანტრანსპორტიორის, BTR-50-ის იდენტიფიცირება, რომელიც პირველად ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა.

2022 წლის ზაფხულიდან, რუსებმა დაახლოებით 800 T-62 ამოიღეს საწყობებიდან და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული სათვალთვალო სისტემები, რომლებიც სავარაუდოდ გაზრდის მათი ღამით მოქმედების შესაძლებლობას.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ორივე ამ მოძველებულ ჯავშანმანქანას აქვს დაუცველი წერტილები, მათ შორის თანამედროვე რეაქტიული ჯავშნის ნაკლებობა.

6 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან რუსეთმა 3423 ტანკი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები