რუსეთმა უკრაინული ქალაქები დაბომბა, კრივოი როგში 2 ადამიანი დაიღუპა

16 დეკემბერს, დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. რეგიონული ადმინისტრაციების ცნობით, კიევისა და პოლტავას რეგიონებში განგაშის დროს საჰაერო თავდაცვა მუშაობდა, ასევე დაიბომბა ხარკოვი.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებებია დედაქალაქის დესნიანსკის, დნეპროვსკისა და გოლოსევსკის რაიონებში.

მოგვიანებით, პოლტავას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ განაცხადა.

"საჰაერო თავდაცვა მუშაობს პოლტავას რეგიონში. დარჩით თავშესაფარში! ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების!" - დაწერა მან.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

"კრივოი როგში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ორი ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე ხუთი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ყველა საავადმყოფოშია", - წერს ის.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა.

"ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის კიდევ ერთი ტალღა. ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაზიანებულია როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში", - წერს მინისტრი.

ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ოლქებში ენექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეწყდა. ელექტროენერგია პრევენციულად გათიშულია კრივოი როგშიც. კიევში, გარდა ელექტროენერგიის გათიშვისა, წყლის მიწოდებაც შეწყდა.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები