რუსეთმა "უკვდავი პოლკის" აქცია გააუქმა, რადგან დანაკარგების ჩვენება აშინებს - ბრიტანული დაზვერვა
რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა უკვდავი პოლკის აქცია, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ხაზი არ გაესვას უკრაინის ომში მათი დანაკარგების მასშტაბებს.
ამის შესახებ 22 აპრილს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის მიხედვით, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ძირითადი ნარატივის თანმიმდევრულობა, რომელსაც იყენებს უკრაინის ომის გასამართლებლად. რუსეთი მუდმივად ავლებს პარალელს უკრაინაში მის აგრესიასა და მეორე მსოფლიო ომს შორის და უკრაინას "ნაცისტურ" სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ 2023 წლის 18 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა "უკვდავი პოლკის" კამპანიის გაუქმება, სავარაუდოდ, "უსაფრთხოების" მიზეზების გამო.
"სინამდვილეში, ხელისუფლება დიდი ალბათობით შეშფოთებული იყო, რომ მარშის მონაწილეები ხაზს გაუსვამდნენ რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგების მასშტაბებს", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ სახელმწიფო ნარატივი უკრაინაში "ნაცისტების" შესახებ.
"ხელისუფლება აგრძელებს რუსული საზოგადოების გაერთიანებას 1940-იანი წლების მითების გარშემო", - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.