რუსეთს ბახმუტის ცენტრში მცირე წინსწვლა აქვს - ISW

6 აპრილს რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ბახმუტში და მის გარეუბნებში. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში ვკითხულობთ.

ინსტიტუტის ექსპერტებმა გეოლოკაციის მონაცემებზე დაყრდნობით რეგიონში საომარი მოქმედებების განახლებული რუკა გამოაქვეყნეს.

ISW-ის ცნობით, რუსებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ბახმუტიდან დასავლეთით 6 კილომეტრში კი უკრაინელმა სამხედროებმა "ვაგნერის" სახმელეთო შეტევები მოიგერიეს.

Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტში სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ვითარება კვლავ რთულია რუსეთის რიცხობრივი უპირატესობის გამო.

"სიტუაცია გართულებულია, მტერი ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენს ბახმუტის დასაკავებლად. თუმცა, მას სერიოზული დანაკარგებიც აქვს და სტრატეგიულ წარმატებას ვერ აღწევს. ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ მტერმა არ გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, მაქსიმალური ზიანი მიიღოს და ჩვენ პერსონალი შევინარჩუნოთ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები