პენტაგონი: რუსეთს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები ჰყავს

 

რუსეთს უკრაინის საზღვართან სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები ჰყავს მობილიზებული, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ორი უმაღლესი თანამდებობის პირმა - თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ განაცხადეს. 

ამგვარად, აშშ-მ პირველად და ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც სამხედრო ანალიტიკოსები და სადაზვერვო ინფორმაცია ბოლო კვირების განმავლობაში მიუთითებენ. პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. 

პენტაგონის უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ საზღვართან მობილიზებული ცოცხალი ძალის რაოდენობა და შეიარაღების ტიპი რუსეთს აძლევს საშუალებას შევიდეს უკრაინის ნებისმიერ წერტილში და არამხოლოდ სასაზღვრო რეგიონებში. ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან თავმყრილი შეიარაღება ბევრად აღემატება და ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნების დროს ხდება. 

მეტად მკვეთრი იყო გენერალი მილი: "ვფიქრობ, რამდენიმე ათწლეულით უკან, ცივი ომის პერიოდში უნდა დავბრუნდეთ, მსგავსი მაგნიტუდის მოვლენების გასახსენებლად."

ოსტინის და მილის ბრიფინგს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია. ზელენსკი უცხოელ დიპლომატებს და უკრაინაში აკრედიტირებული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ზელენსკი შეეცადა დაერწმუნებინა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, რომ მათი მისიების ევაკუაციაა ნაადრევია და ეს პანიკას თესავს. ამასთანავე, ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრონ შესაძლო ომზე, რადგან ეს მნიშვნელოვნად აზიანებს უკრაინის ეკონომიკას და ზოგადად, დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. 

ამავდროულად, ლოიდ ოსტინის თქმით, ომი გარდაუვალი არ არის და შექმნილი ვითარებიდან დიპლომატიური გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის უკრაინაში 35 ათასი ამერიკელი იმყოფება. გენერალმა მილიმ და ლლოიდ ოსტინმა საჭიროების შემთხვევაში ამერიკელების ევაკუაციისთვის უკრაინაში ჯარის გაგზავნა არ გამორიცხეს. 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ევროპაში დამატებით ამერიკულ ძალებს უახლოეს მომავალში გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ზუსტი დრო და ჯარისკაცების რაოდენობა, თუმცა ცნობილია, რომ გასული კვირიდან მოყოლებული გადასაყვანად მზად არის 8 500 სამხედრო. 

ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი სამხედროების განთავსების თხოვნით უკვე მიმართეს უნგრეთს. მაღალი ალბათობით ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განლაგდებიან. 

მსგავსი სიახლეები