რუსეთში 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოწყვიტეს მშობლებს და რუსეთში გადაიყვანეს.
ამის შესახებ 10 აგვისტოს, მიუნხენში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ბავშვთა სოფლები - SOS" უკრაინის ფილიალის ხელმძღვანელმა, სერგეი ლუკაშოვმა განაცხადა.
"ეს არის ომის დანაშაული და, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გენოციდის ნაწილია," - აღნიშნა მან.
ლუკაშოვის თქმით, ომის დროს უკრაინელ ბავშვებს მშობლებს სხვადასხვა გზით აშორებდნენ.
"თავდაპირველად ბევრი მოულოდნელად მარტო აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბავშვები ხშირად ოკუპანტებს გადაჰყავდათ სხვა რეგიონებში და რუსეთში," - თქვა მან. "რამდენიმე კვირა დასასვენებელ ბანაკში და შემდეგ ბავშვები აღარ დაბრუნდნენ, ან მშობლები საზღვარზე დააკავეს, როცა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ და ბავშვები წაიყვანეს."
რეპატრიაციაში უშუალოდ არის ჩართული ორგანიზაცია "ბავშვთა სოფლები - SOS."
ლუკაშოვმა განაცხადა, რომ დღეისთვის უკრაინაში მოხოლოდ 385 დეპორტირებული ბავშვი დაბრუნდა, მათგან 84 ორგანიზაციისა და მათი პარტნიორების ძალისხმევით.
ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის არა მხოლოდ მშობლები, არამედ თავად მოზარდებიც მიმართავენ, მაგალითად, სოციალური ქსელების საშუალებით.
"მათთან ერთად ვგეგმავთ მარშრუტს, ვეხმარებით ფინანსურად, ვთავაზობთ, რა ფორმულირებები და არგუმენტები გამოიყენონ ხელისუფლებასთან და სასაზღვრო პუნქტებთან ურთიერთობისას," - განაცხადა ლუკაშოვმა.