რუსეთში გაყიდვიდან შესაძლოა 200-მდე მედიკამენტი გაქრეს
რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა წვდომა თითქმის 200 მედიკამენტზე დაკარგონ.
გამოცემა Холод ჯანდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიწერილ წერილს ავრცელებს, რომელშიც ჩამოთვლილია ის 196 უცხოური პრეპარატი, რომლის რუსეთში წარმოება ან იმპორტი შეწყდება.
გამოცემა წერს, რომ ამ სიაში შედიოდა ზოგიერთი ანტიბიოტიკი, აივ ინფექციის, კიბოს, ეპილეფსიის, პარკინსონის და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალებები. სიაში ასევე შედის ხველის საწინააღმდეგო წამალი ACC, საანესთეზიო და სიცხის დამწევი Panadol, ასევე No-shpa, Salbutamol და იმპორტირებული საბავშვო ვაქცინები - წითელას, დიფტერიის, ყივანახველას, წითურას და სხვა ინფექციების წინააღმდეგ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია თანამედროვე ანტიბიოტიკების შესაძლო გაქრობა
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ყველაზე შემაშფოთებელი რუსეთში ზოგიერთი ანტიბიოტიკის შესაძლო გაქრობაა. ჯანდაცვის სამინისტროს სიაში შედის 14 ანტიბიოტიკი, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული პრეპარატი, მათ შორის თანამედროვე Sivextro, Invanz და Kubitsin.
სიაში ჩამოთვლილი ზოგიერთი წამალი მოძველებულია ან რუსული ანალოგები აქვს. იმავდროულად, რუსული გენერიკები ხარისხით ორიგინალ იმპორტირებულ წამლებს ჩამოუვარდება და უფრო მეტი გვერდითი მოვლენა აქვს.
Холод აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან 27 ივლისით დათარიღებული წერილი ორი წყაროდან მიიღო და მისი რეგისტრაცია სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის სისტემაში შეამოწმა.