რუსი ჰაკერები პრაღის მერიის სერვერებს თავს დაესხნენ

პრაღის მუნიციპალიტეტის სერვერებს რუსი ჰაკერების ჯგუფი დაესხა თავს. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა ჟირი კაროლიმ განაცხადა. 

დილის თავდასხმის გამო ჩეხეთის დედაქალაქის ვებ-გვერდი და საკრებულოს სხდომის ონლაინ ტრანსლაცია არ მუშაობდა. დაახლოებით 16:00 საათზე ყველა სისტემამ განაახლა მუშაობა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეს იყო ე.წ DDoS შეტევა, ანუ სერვერების დიდი რაოდენობით მოთხოვნით გადაიტვირთა.

კაროლის თქმით, IP მისამართი, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა, რუსეთში მდებარეობს.

"ახლა ჩვენ გავარკვიეთ, რომელი ჰაკერული ჯგუფი დგას თავდასხმის უკან და გავაანალიზებთ თავდასხმის ტექნიკას", - თქვა მან.

გასული წლის თებერვალში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთში რუსი ჰაკერების თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა. საპრეზიდენტო არჩევნებისას რუსი ჰაკერები მაშინდელი კანდიდატის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, პეტრ პაველის ვებ-გვერდებს დაესხნენ თავს.

ცოტა ხნის წინ, პრაღის ინტეგრირებული ტრანსპორტის ვებ-გვერდეზე ასევე მოხდა DDoS თავდასხმა.

მსგავსი სიახლეები