რუსი მფრინავი: ვიცოდი, რომ სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მაგრამ ბრძანება შევასრულე
რუსმა მფრინავმა მაქსიმ კრიშტოპმა, რომელიც 6 მარტს უკრაინულმა ჯარებმა ტყვედ აიყვანეს, 11 მარტს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან სამი გაფრენა განახორციელა და სულ 10 ტონა ფუგასური ბომბი ჩამოაგდო უკრაინაში.
მისი თქმით, მან პირველი გაფრენა 24 თებერვალს შეასრულა - ჩამოაგდო ფუგასური ბომბები ხარკოვის ოლქის ბალაკლეის რაიონში. საბრძოლო მასალის ჯამური წონა სამი ტონაა, თუმცა მას ჩამოგდებული ბომბების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
პატიმრის განცხადებით, ის "მტრის ძალებს" ბომბავდა და მიზანსაც აღწევდა. მან მეორე ფრენა 3 მარტს განახორციელა, როდესაც სამი ტონა ფუგასური ბომბებით უკრაინული ტექნიკის კოლონას დაესხა თავს იზიუმის რეგიონში.
"ბრძანების და კოორდინატების მიღების შემდეგ, საბრძოლო დავალების შესრულების პროცესში მივხვდი, რომ სამიზნე არა მტრის სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მაგრამ მე დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე." - თქვა დატყვევებულმა პილოტმა.
პილოტს არ უთქვამს, რომელ ქალაქში ჩამოაგდო ბომბები. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, კრიშტოპმა ხარკოვი დაბომბა.