რუსი სამხედროები ნოვა კახოვკადან თანდათან გადიან - ქალაქის მერი
რუსი სამხედროების უმეტესობა ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპერისგან მოშორებით გადავიდა. ინფორმაციას ქალაქის მერი ვლადიმერ კოვალენკო ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, წერს "Радио Свобода".
"მარჯვენა მხარე გათავისუფლდა, მარცხენა კი ის ტერიტორიაა, რომელზეც მტერი თავდაცვითი მოქმედებებისთვის ემზადებოდა - სანგრები. მაგრამ ბოლო ორი დღეა ქალაქში ბევრი მტერი არ დარჩა. არის პატრული, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, უმეტესობამ კი მდინარე დნეპერიდან 10-15 კილომეტრით უკან დაიხია", - განაცხადა მან.
კოვალენკოს თქმით, რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ნოვა კახოვკას მაცხოვრებლებისთვის ქალაქის დატოვების შეთავაზებას, თუმცა ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების პრობლემა არ არის.