რუსმა ჰაკერებმა ევროპის საჰაერო კონტროლის საიტზე მასშტაბური თავდასხმა მოაწყვეს

ევროპის საჰაერო კონტროლის სააგენტოს ვებგვერდზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. მაღალი ალბათობით შეტევის უკან რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული KillNet-ის სახელით ცნობილი ჰაკერული ჯგუფია.

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

სააგენტოს პრესსპიკერის ცნობით, ორგანიზაციის საიტზე კიბერშეტევა 19 აპრილს დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, შეტევის შედეგად ფრენების შეფერხება არ ფიქსირდება. 

წყაროების ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგად პრობლემები შეიქმნა სააგენტო შიდა და გარე კომუნიკაციებს, რის შედეგადაც თანამშრომლებს დროებით კომერციული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება მოუწიათ. 

მაღალი ალბათობით საუბარია ე.წ. DDOS შეტევებზე, რომელიც სამიზნეში შესაღწევად მის გადატვირთვას და ამ მიზნით ინტერნეტში ჩართული ყველა მოწყობილობის გამოყენებას გულისხმობს.  

კონტექსტი 

KillNet რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფია. 19 აპრილს ჯგუფის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა შესაბამისი ანონსი, რომ ისინი ევროპის საჰაერო კონტროლის სააგენტოს ვებგვერდზე აპირებდნენ თავდასხმას. KillNet მოუწოდებდა სხვა ჰაკერებსაც შეერთებოდნენ "მარათონს ნატოსთან დაკავშირებული ორგანიზაციის წინააღმდეგ."

უკვე მრავალი თვეა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები კრემლის მხრიდან მასშტაბური კიბერთავდასხმების რისკის ზრდაზე საუბრობენ. 

მსგავსი სიახლეები