რუტე: პუტინს არ აქვს ნატოში ვინმეს გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას, რომ უკრაინა ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ნატოში არ შევიდეს.

ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

გენერალურ მდივანს ჰკითხეს, როგორია უკრაინის მომავალი ნატოში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოსალოდნელი მოლაპარაკებების კონტექსტში.

"არის ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, ახლა საკითხავია, როგორ მოხდება ეს," - თქვა მარკ რუტემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების მთავარ ამოცანად ხედავს, დაეხმარონ უკრაინას მოლაპარაკებებში საუკეთესო პოზიციის მიღებაში და უზრუნველყონ, რომ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებით ჭეშმარიტად საიმედო მშვიდობა დამყარდეს.

"ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს ვეტოს უფლება და არ აქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი მომავალში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თავად სურს ნატოში გაწევრიანება - მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, ამიტომ მას ამაზე სათქმელი არაფერი აქვს. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ," - განაცხადა რუტემ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად იქნება უკრაინა ნატოში მიიღოს, ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

მსგავსი სიახლეები