საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციების გადახდას ითხოვს

საბერძნეთი დაჟინებით ითხოვს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 27 ოქტომბერს, ათენში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თუმცა, ეს არ ჩრდილავს ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნა მიცოტაკისმა.

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს, საბერძნეთის ეროვნული ბანკისა და შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შეფასებით, საუბარია 269-დან 332 მილიარდ ევრომდე ოდენობის კომპენსაციაზე. მოთხოვნები ძირითადად ეხება სესხს, რომელის აღებაც საოკუპაციო ხელისუფლებამ 1942 წელს საბერძნეთის ეროვნულ ბანკს აიძულა.

ბერლინი რამდენიმე წელია უარყოფს ბერძნული მხარის მსგავს მოთხოვნებს.

"სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, რეპარაციების საკითხი დახურულია", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. "მადლიერი ვარ, რომ დღევანდელ ევროპაში ბერძნებსა და გერმანელებს მეგობრობა და პარტნიორობა აერთიანებთ".

მსგავსი სიახლეები