საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტს
საბერძნეთის პარლამენტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას კენჭს უყრის.
კანონპროექტით გარდა იმისა, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება მიეცემათ, დაცული იქნება მათი შვილების ფუნდამენტური უფლებებიც, რომლებიც აქამდე სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივად უგულებელყოფილი იყო.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხმა ქვეყანაში ღრმა განხეთქილების მიზეზი არ გამხდარა. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი (55%) შეთავაზებულ კანონპროექტს მხარს უჭერს და მათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ლგბტქ თემის წარმომადგენლების ქორწინების საკითხი.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცორაკიცის მიერ შეთავაზებულ რეფორმას მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ გარდა, ოთხი მემარცხენე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის “სირიზა-ც“, უჭერს მხარს.
„ადამიანები, რომლებიც აქამდე უხილავი იყვნენ, ხილული გახდებიან საბოლოოდ. მათთან ერთად, ბევრი ბავშვი იპოვის თავის ღირსეულ ადგილს“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დეპუტატებს კენჭისყრის წინ.
დღესდღეობით, ევროპის კავშირის 27 წევრიდან 15 სახელმწიფოშია ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება დაკანონებული.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საბერძნეთი ევროპის კავშირის მასშტაბით მე-16 და მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება ლეგალური გახდება.
„საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენი ტრადიცია ამის საშუალებას არ იძლევა...ჩვენ ვიცით და პატივს ვცემთ მხოლოდ ერთი ტიპის ქორწიენებას: მართლმადიდებელ ქრისტიანულს. ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამას, ამიტომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მკაცრად ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას ქრისტესადმი“, - დიმიტრის ნაციოსი, ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „გამარჯვების - NIKI“ ლიდერი.