საერთაშორისო გამოხმაურება პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე

პოლონეთში რუსული რაკეტების შესაძლო ჩამოვარდნას მალევე მოჰყვა რეაქცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან. 

გთაზავობთ საერთაშორისო რეაქციას პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია იმის დადგენა იყო თუ არა მომხდარი შემთხვევითობა თუ საქმე გვქონდა მიზანმიმართულ ქმედებასთან. უწყებაში განაცხადეს, რომ დაგეგმილია აშშ-ს თავდაცვის მდივნისა და მისი პოლონელი კოლეგის სატელეფონო საუბარი. 

მომხდარს გამოეხმაურნენ პენტაგონშიც, სადაც განაცხადეს, რომ გავრცელებულ ცნობებს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ და აგრძელებენ ვითარების შესწავლას. 

პატრიკ რაიდერმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედების შესახებ დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა - "მოვერიდოთ სპეკულირებას ფაქტების გარეშე". 

ნატო

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ნატო აქტიურ კოორდინაციაშია პოლონეთთან და სწავლობენ მომხდარის დეტალებს. 

ლატვია

"ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდა, არამედ NATO-ს ტერიტორიაზე პოლონეთშიც დაეცა. ლატვია სრულად უჭერს მხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა. 

ესტონეთი

მალევე გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც: "ბოლო ცნობები პოლონეთიდან აღმაშფოთებელია. აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ პოლონეთთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯი". 

უნგრეთი

პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა უნგრეთის თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული ზომების მიღების აუცილებლობა და საჭიროა დაელოდონ პოლონეთის ოფიციალურ პოზიციას.

ჩეხეთი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ პოლონეთი დაადუსტერებს, რომ მის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ეს რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაციის მანიშნებელი იქნება.

უკრაინა

პოლონეთში მომხდარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც: "ტერორისტს ადგილი უნდა მივუჩინოთ. რაც უფრო მეტად გრძნობს რუსეთი დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე შეექმნებათ იმათ, ვისაც რუსული რაკეტები სწვდება. ეს არის რუსეთის სარაკეტო დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების შესაძლო ჩამოვარდნას გამოეხმაურა: "თავდაცვის სამინისტროს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან არანაირი სამიზნეებზე დარტყმები არ მიუტანია. პოლონური საინფორმაციო საშუალებების განცხადებები არის მიზანმიმართული პროვოკაცია ესკალაციის მიზნით”.

კონტექსტი

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი ასამდე რაკეტიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს პოლონური მედიაც. 

პოლონური მედიის ინფორმაციით, რაკეტები მარცვლეულის საშრობ საწყობს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო სამსახური. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმა მორავიეცკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია. სავარაუდოა, რომ სხდომის მოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უკავშირდება. 

ოდნავ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ქალაქ ლუბლინის რადიო, რომლის ინფორმაციითაც რაკეტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობს დაეცა. 

თავის მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი პირველი მდივნის პოსტს მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი იკავებს. 

კაჩინსკისა და პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოში შედიან სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიიციის მინისტრი.

 

მსგავსი სიახლეები