საფრანგეთი ინფიცირებული აცრილებისთვის იზოლაციის დღეებს შვიდამდე ამცირებს
საფრანგეთი კორონავირუსით ინფიცირებული აცრილებისთვის იზოლაციის დღეებს ამცირებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.
ორშაბათიდან კორონავირუსით ინფიცირებული სრულად აცრილი ადამიანები იზოლაციაში 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 დღით იქნებიან.
გარდა ამისა, სრულად აცრილებს თუ იზოლაციის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ PCR ან სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი ექნებათ, შეეძლებათ იზოლაცია შეწყვიტონ.
მსგავსი გადაწყვეტილება საბერძნეთის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის მთავრობებმაც მიიღეს.
საფრანგეთში ომიკრონ ვარიანტის გავრცელების ფონზე კორონავირუსის ახალი ტალღაა. ბოლო დღეებში ქვეყანაში ინფიცირების 200 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.